Monday, June 7, 2010

ხანძთა, შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი - ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა († 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ († 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.

მეცნიერებაში ხანძთის ზუსტი ლოკალიზაციის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აკადემიკოს ნ. მარის მიხედვით ხანძთა უნდა იყოს მდ. კარჩხალის ნაპირას მაღალ, ძნელადმისადგომ კლდეზე აგებული ნუკასაყდარი (ახლანდელი ართვინის ვილაიეთი, თურქეთი). ლოკალიზაცია ემთხვევა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ტექსტში მოცემულ აღწერილობას. არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, ნ. და ჟ. მ. ტიერები), რომ ხანძთა არის ართვინის ვილაიეთის სოფ. ფორთაში არსებული გუმბათოვანი ტაძარი.

No comments:

Post a Comment