Monday, June 7, 2010

ალავერდი

დადებული სურათი

„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“ (იაკობ გოგებაშვილი)



კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.

დადებული სურათი
ალავერდის ტაძარი XIX საუკუნის მიწურულს

ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.

VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებული დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.

X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეებს მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში.

No comments:

Post a Comment